სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლი
ხვიჩა კვარაცხელიამ 11 მარტს, „ნაპოლის“ - ბერგამოს „ატალანტასთან“ გამართულ მატჩში, ბრწყინვალე გოლი გაიტანა. სტუმრები „სტადიო მარადონაზე“ თავს ძალიან კარგად იცავდნენ და მე-60 წუთამდე ნეაპოლელები ვერაფრით ახერხებდნენ მეტოქის კარის დალაშქვრას, მაგრამ შემდეგ საქმეში კვარაცხელია ჩაერთო.

ხვიჩამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ძალიან ლამაზი მოძრაობებით „ატალანტას“ ერთბაშად სამი მცველი მოატყუა. ქართველმა შემტევმა ძლიერად და რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა. შედეგად, ანგარიში გახსნა, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კი ეს მისთვის მე-11 გოლი იყო.

დარჩენილ დროში ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეორეც გაიტანა. ამჯერად თავი ცენტრალურმა მცველმა ამირ რაჰმანიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კვარა სპალეტიმ 85-ე წუთზე შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მატჩამდე კვარას სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს.

,,მსოფლიო სპორტის" ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია:

28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, სერია A-ში 11 გოლით კვარაცხელია ლევან მჭედლიძეს დაეწია, ქართველი ფეხბურთელებიდან უფრო მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში კახა კალაძეს აქვს გატანილი, მაგრამ ხვიჩა დიდი ალბათობით, მას ამ სეზონშივე გადაასწრებს.

„ნაპოლი“ 26 ტურის შემდეგ 68 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 მარტს ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 19 მარტს, „ტორინოს“ ესტუმრება.

„ნაპოლი“ – „ატალანტა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (60), 2:0 რაჰმანი (77)
| Print |