ცალი ხელით მოგებული ჩემპიონატი – ამირან გოგოლაძის წარმატებული ბრძოლა ჩინეთში
17:06 / 13.01.2017
ჩინეთის ქალაქ ჟენგჟოუში გამართულ ჩემპიონატზე, ახალციხიდან
წარდგენილი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა.
ყვიბისელმა ამირან გოგოლაძემ მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში
ნოკაუტით დაამარცხა.
ახალციხის კლუბ "მე–13 ლეგიონი"–ს სპორტსმენმა ჩინეთში გამართულ
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. 32 ბრძოლიდან ერთადერთი
გამარჯვებული, რომელიც ნოკაუტით გამოვლინდა, 19 წლის ამირან გოგოლაძე
იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე – ბრძოლა წესების გარეშე – ქართველმა
სპორტსმენმა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. პირველივე
რაუნდში მან მე–40 წამზე ჩინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
ჩემპიონატი ჩინეთში 64 მონაწილით გაიმართა. ამირან გოგოლაძის მთავარი
მწვრთნელის განმარტებით, სპორტსმენი ბოლო ბრძოლაზე ტრამვირებული ხელით
წარსდგა. მიხეილ მესხის თქმით, ჩინელი მეტოქე გოგოლაძემ, პრაქტიკულად
ცალი ხელით დაამარცხა. ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი საუკეთესო
მებრძოლად დასახელდა.
ამირან გოგოლაძე ბორჯომის სოფელ ყვიბისიდანაა. სპორტის ამ სახეობით
დაინტერესების შემდეგ საცხოვრებლად და სასწავლებლად ახალციხეში
გადმოვიდა. ჩინეთის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის პირველი ბრძოლაა
საზღვარგარეთ. საქართველოს მასშტაბით, მანამდე ოთხჯერ იასპარეზა და
ოთხივე ბრძოლა მოიგო. მომავალი ჩემპიონატი კვლავ ჩინეთშია
დაგეგმილი.
ჩემპიონატი ჩინეთში, ქალაქ ჟენგჟოუში მიმდინარე წლის 6 იანვარს
გაიმართა. მასში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენი და მწვრთნელი
საკუთარი ხარჯებით გაემგზავრნენ. ჩემპიონატში ჩასართავად მათ
დახმარება ერთ–ერთი სპორტული კლუბის წარმომადგენელმა გიორგი
კაბულაშვილმა გაუწია. ახალციხის კლუბმა "მე–13 ლეგიომმა" საქართველო
ერთი სპორტსმენით წარადგინა.