სპორტი
ახალციხელი სპორტსმენის საპრიზო ადგილი ევროპის საერთაშორისო ტურნირზე
ანზორ დარბაიძე ევროპის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ადგილის მფლობელია.
ახალციხელმა კარატისტმა შეხვედრაზე მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის საერთაშორისო ტურნირი HUNGARIAN TATAMI KARATE CUP, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. მასში მონაწილეობას 15–მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.

ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა. ტურნირზე, 84 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა ახალციხელმა სპორტსმენმა.

"ჩემი ოპტიმალური წონაა 75 კგ. თუმცა მე და ჩემმა ინსტრუქტორმა ლაშა კოდუამ, გამოცდილების მისაღებად ვამჯობინეთ, რომ მძიმე წონით კატეგორიაში მეასპარეზა. მესამე ადგილს დავჯერდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი გამოცდილება იყო. ამჟამად ვმუშაობ ნიუანსების გამოსწორებაზე, რათა მომავალ ტურნირზე მაღალი შედეგი დავდო და ჩემს ქვეყანას კარგი შედეგი მოვუტანო",
– ამბობს "kodua club"–ის წევრი ანზორ დარბაიძე.

კარატისტი საერთაშორისო ჩემპიონატებისთვის ემზადება.
| Print |