საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
„თოვლის მსოფლიო დღე“ მასშტაბური ღონისძიებაა და მასში 45 ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებში ზამთრის სპორტის პოპულარიზაცია და ჩართულობის გაზრდა. ამ დრომდე ღონისძიება 645- ზე მეტ კურორტზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ავსტრიაში, კანადაში, საფრანგეთში, ისლანდიაშსი, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში.
21 იანვარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტროს, კომპანია ,,სილქნეტის“, დეველოპერული კომპანია ,,რედკოს“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, ჩატარდება სახალისო შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას. გუდაურში, „თოვლის მსოფლიო დღეს“ შეუერთდება კულინარიული სკოლა „კარამელი“, „ბასტი ბუბუს“ მომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფი „მხიარული ავტობუსი“.
აქტივობა დაიწყება 12:00 საათზე გონდოლის ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაბა ბაკურიანში კი 17:00 საათზე, ბავშვებს პარკი „ჯოილენდი“ უმასპინძლებს. ღონისძიება ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება.