ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.

სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. ხვალ, შემოდგომის პირველ დღეს, ახალციხეში დღისით 33 ღამით კი 22 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 34 გრადუსს, ღამით კი 18-ს ვარაუდობენ.

ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 34 გრადუსი იქნება, ღამით კი 19 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 33, ღამით კი 17 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 30 და ღამით 13 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 29 და ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 32 გრადუსს, ხოლო ღამით 21-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 30 ღამით კი 14 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 23 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |