სიახლეები
ბებიამ არასრულწლოვანი შვილიშვილი სცემა და ხელი მოტეხა
სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში, 9 წლის ბიჭს მარცხენა ხელი თაბაშირში ჩაუსვეს. 

მშობლის თქმით, ბავშვი ბებიამ ორჯერ, ორ და ხუთ მაისს სცემა. დაშავებულის დედა ამბობს, რომ პირველად დედამთილმა მცირეწლოვანს ხელში ცომის საბრტყელებელი უხლავი ჩაარტყა, მეორედ კი ხელი ჰკრა და წააქცია, რა დროსაც ბავშვმა ხელი მოიტეხა.

ბებიამ შვილიშვილზე პირველად 2 მაისს იძალადა. ბავშვის მშობელი იხსენებს, რომ მოხუცმა ქალმა მოზარდს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვმა პასუხი შეუბრუნა. ბებიას არ ესიამოვნა და 9 წლის შვილიშვილს სცემა.

„დედამთილთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. გვლანძღავდა მე და ჩემს შვილებს, ბავშვმა ენა შეუბრუნა, მან კი უხლავი ჩაარტყა. „საავადმყოფოში ორივე შემთხვევის შემდეგ წავიყვანე, პირველად შეუხვიეს, მეორედ ,,გიფსი“ გაუკეთეს“, - ამბობს მოზარდის დედა.

ბებიასთან დაკავშირებას „მე-9 არხი“ ორი დღეა ცდილობს. ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მისმა ქალიშვილმა კი ბავშვზე ძალადობა უარყო.

,,ბავშვის დედა იტყუება. შვილებს ცუდად ზრდის. პატარები იგინებიან და ილანძღებიან. ბებიას უპატივცემულოდ ექცევიან, ავიწროებენ და ქვებსაც ესვრიან. არაფრის გამო ხელს რატომ ჰკრავდა?“

ორივე შემთხვევის დროს მშობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოკითხულია ბებიაც და ბავშვიც.

საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო სამ მაისს ჩაერთო, როცა პოლიციამ არასრულწლოვანი გამოკითხა. პროცესს სოცმუშაკი დაესწრო. მშობლის თქმით, სპეციალისტს სახლში ვიზიტი არ განუხორციელებია.
| Print |