სიახლეები
სამდღიანი ლოდინის შემდეგ, სატვირთოებს გადაადგილების უფლება მისცეს
100-მდე ტრაილერმა თურქეთისა და სომხეთის საზღვრის მიმართულებით, მოძრაობის უფლება მიიღო. მძღოლები სამი დღის წინ ახალციხის შესასვლელში გააჩერეს, პოლიცია ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით გადაადგილებას უკრძალავდა.

გზის გაგრძელების უფლება მძღოლებმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, როცა საკითხით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა.

„თქვენი გადამღები ჯგუფი რომ წავიდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გვითხრა, შეგიძლიათ დაიძრათ და გააგრძელოთ გზაო. ნეტავ, ცოტა ადრე მოსულიყავით, მშივრები და გაყინულები მაინც არ ვიქნებოდით. ყველა წავედით, ვინც კი ვიყავით გაჩერებულები, უკვე საზღვარზე ვართ“, - ამბობს ტრაილერის მძღოლი დათო დოლიძე.

ტრაილერებს ტვირთი ნინოწმინდისა და კარწახის საბაჟოს გავლით, თურქეთსა და სომხეთში მიაქვთ. მძღოლები ამბობდნენ, რომ მათ დოკუმენტაციას ვადა გასდიოდა და საზღვარს დროულად თუ არ გადაკვეთდნენ, შესაძლოა, საზღვარზე დაეჯარიმებინათ.

რატომ არ აძლევდნენ მოძრაობის უფლებას სატვირთოს მძღოლებს, შსს-ს ვკითხეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია იყო, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, ყველა სახის შეზღუდვა 18 თებერვლიდან მოიხსნა.

| Print |