წინასაარჩევნოდ კანდიდატები, ამომრჩევლის გულის მოგებას, მათთვის საჭირო დაპირების გაცემით ცდილობენ. გზის, სასმელი თუ სარწყავი წყლის რეაბილიტაცია, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილის მოწყობა და ჯანდაცვის მიმართულებით მხარდაჭერა,
კანდიდატის მიმართ მოსახლეობის განწყობაზე აისახება. ახალციხის გამგებელი მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვის.
ციცინო მიგრიაული რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დაპირებას იხსენებს. ვალეს მოსახლეობა გვიყვება, რომ ზაზა მელიქიძე, გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქის სრულ გაზიფიცირებას დაპირდა.
სტალინის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი, რომელიც 2012 წელს დამონტაჟდა, კორპუსებთან რამდენიმე მეტრში გადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია შიდა ქსელის მონტაჟს პერიოდულად იწყებს, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ჩერდება. ვალელები სუსხიან ზამთარს, შეშის ღუმელით ებრძვიან. მოსახლეობა ამბობს, რომ საშეშე მერქნის შეძენა ყოველწლიურად უჭირთ. სამყოფი შეშა ნაწილს ჯერ კიდევ არ მოუმარაგებია.
ვალელებს ბუნებრივი აირის შეყვანას, ზაზა მელიქიძე სამი წლის წინ, თვითმმართველობის არჩევნების დროსაც დაპირდა. "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გამარჯვების შემდეგ დაპირება სრულად ვერ შეასრულა. ხელისუფლებას ხუთი წელი დასჭირდა, რომ ვალეს 1 450 ოჯახიდან ბუნებრივი აირი 687თვის მიეყვანათ. სამუშაოები, რომელიც ორ დღეში უნდა დასრულებულიყო, სამი წლის შემდეგ დაიწყება.
2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს, მელიქიძის პრიორიტეტი სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო. სამწლიანი გამგებლობის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის 46 დასახლებული პუნქტიდან, წყლის სატუმბი სადგური ათამდე სოფელში ამუშავდა. თემის მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის სიმცირეზე, ზაფხულობით ჩივის.
"ქართული ოცნების" კანდიდატი, 2014 წელს ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ სოფლად ამბულატორიების რეაბილიტაცია დაიწყებოდა. სამი წლის თავზე, მის სახელზე რვა სამედიცინო პუნქტის მოწყობა ირიცხება.
ხეოთელები სამედიცინო პუნქტის არქონაზე, ერთი წლის წინ ჩიოდნენ. მას შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.
ზაზა მელიქიძეს, სამწლიანი გამგებლობის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობა სურს. მმართველი ძალის კანდიდატი, ვალელებს ისევ გაზიფიცირებას ჰპირდება. ხეოთელებს აიმედებს, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ამბულატორია ექნებათ. მუგარეთელების დასაიმედებლად ამბობს, რომ სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია ისევ პრიორიტეტია, თუმცა აღიარებს, რომ პრობლემის სრული აღმოფხვრა, ხანგრძლივი პროცესია.