ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს 13 000 ტონამდე კომბოსტო აიღეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში კომბოსტოს მოსავალი დააბინავეს. ფერმერებმა წელს 13 000 ტონამდე ბოსტნეული აიღეს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში კომბოსტოს მოსავალი დააბინავეს. ფერმერებმა წელს 13 000 ტონამდე ბოსტნეული აიღეს. 

სიმონ თამარაშვილმა კომბოსტოს მოსავალი უკვე დააბინავა.  ვალელი ფერმერი 10 ტონამდე სასოფლო კულტურას საწყობში მყიდველის გამოჩენამდე შეინახავს. ამბობს, რომ წელს კომბოსტოს ფასი ადგილობრივი ფერმერებისთვის მისაღებია, თუმცა მისი შეძენის მსურველი  ჯერჯერობით არ ჩანს.

რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობს ადგილობრივი თამაზ კაკაჩიშვილიც. ფერმერი ამბობს, რომ გასულ წელს კომბოსტო არ გადაუყრია, თუმცა დაბალი ფასის გამო 12 ტონა მოსავლიდან 700 ლარი აიღო, აქედან 400 ლარი ბოსტნეულის მოსავლელად უკვე დახარჯული ჰქონდა. ამის გამო წელს ნაკლები კომბოსტო დარგო, თუმცა მოსავალი ისევ იგივე  რაოდენობით მიიღო. რა ფასად გაიყიდება წელს სასოფლო სამეურნო კულტურა ჯერ არ იცის, თუმცა იმედოვნებს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, კომბოსტო საწყობში არ დაულპება. თამაზ კაკაჩიშვილის თქმით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილს კონკურენციას ვერ უწევს.

სახელმწიფო ფერმერებს ყველა კულტურის რეალიზებაში  ვერ დაეხმარება – აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი. ნანა ზუბაშვილის თქმით, მთავრობა სოფლის მაცხოვრებლებს პრობლემის მოგვარების გზებს აცნობს და  სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს.

სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ,  რომ  ქვეყანაში მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციები არსებობს, რომელთან მორიგების გზებიც ფერმერებმა უნდა გამონახონ. ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტმა გადაცემა „ფერმერის საათში“ აღნიშნა, რომ კომპანიებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან  მოლაპარაკება შესაძლებელია, თუმცა პრობლემას წარმოადგენს პროდუქტის მუდმივი მიწოდება ფერმერების მხრიდან.

ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში  ფერმრებმა წელს 13 000 ტონამდე  კომბოსტო აიღეს, რაც შარშანდელთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია. მიმდინარე წელს გაცილებით დიდი რაოდენობით მოიყვანეს ყვავილოვანი კომბოსტო, რომლის რეალიზებაც პრობლემას არ წარმოადგენს. რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, მეტად მოთხოვნადია ბროკოლი. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ვალესა და მიმდებარე სოფლებში კომბოსტოს გარკვეული ნაწილის ამ და სხვა ბოსტნეულით ჩანაცვლება, ფერმერების ეკონომიურ  მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.


| Print |