რეგიონი
აბასთუმანში კანალიზაციის ქსელის მშენებლობა იწყება
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. 

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფერი“-ს დირექტორმა იოსებ მჭედლიშვილმა მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები.

კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეის მდგომარეობით, სისტემა სრულად ამორტიზებულია.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ახალი ინფრასტრუქტურა აბასთუმნის გარდა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება. 

"კომპანიამ, რამდენიმე დღის წინ დაასრულა აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სათავე ნაგებობები, რეზერვუარები და მოეწყო ახალი მაგისტრალური მილსადენები. ასევე, აშენდა ახალი, თანამედროვე საფილტრი შენობა.

ამ დროისთვის, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას. ასევე, ახალი საქლორატოროს მოწყობას.

სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულება სრულად აღმოფხვრის მოძველებული სისტემით გამოწვეულ დანაკარგებს და კურორტს სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს",
- წერია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში. 

წყალმომარაგების ორივე პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი.
| Print |