რეგიონი
"ჯავახეთი არცახის გვერდით არის“ – მშვიდობიანი აქცია ახალქალაქში
"ჯავახეთი არცახის გვერდით არის“, - ახალქალაქის სტადიონზე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები შეიკრიბნენ და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას და ჯარისკაცებს თანადგომა და სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს. მშვიდობიან აქციაზე ათასამდე ადამიანი მივიდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხური მხარისთვის საქართველოში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მილიონ ლარამდე თანხა შეაგროვეს.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს მთიან ყარაბაღში ჰყავს ნათესავი ან ოჯახის წევრი, რის გამოც მათთვის ეს კონფლიქტი ორმაგად მტკივნეულია.

ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სომხური თემი მშვიდობის მომხრეა, თუმცა კონფლიქტის კიდევ უფრო გაღვივების შემთხვევაში, არცახში წასვლასა და თანამემამულეების დაცვას გეგმავენ.

27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს სომხური მხარის ინფორმაციით, 230-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის ხუთი მათგანი წარმოშობით ახალქალაქის სხვადასხვა სოფლიდან არის. ყველაზე უფროსი არაგვადან 35 წლის ვალენტინ ბურნუსუზიანია. ასევე არიან სოფელ ბუღაშენიდან 20 წლის ჰოვანეს აფოზიანი და 19 წლის არსენ ეღოიანი, ხოლო კუმურდოდან 20 წლის ვაჰე ვართანიანი და კარტიკამიდან 19 წლის არსენ სარქისიანი.

საფრანგეთის, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აზერბაიჯანს და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ეს ქვეყნები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. ჯგუფი 1992 წლიდან არსებობს და სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. მას შემდეგ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა.

| Print |