რეგიონი
ერევანში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებენ, ნაცემია პარლამენტის სპიკერი
სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ, სამართალდამცავებს მომიტინგეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

დემონსტრანტებმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. შედეგად მირზოიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ედუარდ აღაჯანიამა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სპიკერი დაშავებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ მირზოიანს ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში შეკრებილმა მომიტინგეებმა მირზოიანი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და სცემეს.

მოქალაქეების პროტესტი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რომელსაც სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად მოაწერა.
| Print |