რეგიონი
გახსენით საზღვრები - საპროტესტო აქცია ახალქალაქში
ახალქალაქის ცენტრში, მერიის შენობასთან მოსახლეობა შეიკრიბა. მათი ერთადერთი მოთხოვნა სომხეთის და რუსეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის გახსნაა.

100-მდე ადგილობრივი ამბობს, რომ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაცხოვრებელთა 90% შემოსავლის ერთადერთი წყარო მეზობელ ქვეყნებში სეზონური სამუშაოა.

"საზღვრების ჩაკეტვით ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდიდსა და წალკის მოსახლეობა ზარალდება. ხალხი იქ სამუშაოდ მიდის და არა ბიზნეს საქმიანობისთვის", - ამბობს არმენ კაბლანიანი.

„როცა საზღვრებს გახსნიან, ჩვენ მშვიდობიანი გზით სეზონურ სამუშაოებს დავუბრუნდებით. თუ აქ გაგვიხსნიან ქარხნებს და გვექნება სამსახური, არსად წავალთ, აქ დავჩებით და ვიმუშავებთ. ყველაფერი გაძვირდა. ამ ფონზე მალე ქურდობაც დაიწყება. ჩვენ ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთს ვთხოვთ, რომ საზღვრები გახსნას", - ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის დაანონსების შემდეგ ადგილობრივებმა საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს.

"ჩვენ გახარიას და ფაშინიანს მივმართეთ, რომ საზღვრები გახსნან. გვიპასუხონ, აქამდე რატომ არ გახსნეს? რით ვიცხოვროთ, რით ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები? რატომ არის დღემდე საზღვრები დახურული, თუ შედეგი არ ჩანს?", - განაცხადა აქციაზე არტურ მარგარიანმა.
| Print |