რეგიონი
რუსეთმა ლუგანსკიში გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя- ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა, ისინი დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიიდან ბრუნდებოდნენ.

ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა.

ზალუჟნის ცნობით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარება ლუგანსკიში მყოფი დევნილებისთვის ჩაიტანა. ამ მანქანების კოლონა ტერიტორიას ტოვებდა, როცა საოკუპაციო ძალებმა გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდაპირველად ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერდა, რომ საქმე წითელი ჯვრის კოლონას ეხებოდა, თუმცა მან მოგვიანებით ინფორმაცია დააზუსტა.

„დღეს დაახლოებით 12 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს ლუგანსკის რეგიონში Щастя-ს გამშვებ პუნქტთან, სადაც ამ დროს გაეროს დევნილთა სააგენტოს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ამოწმებდნენ, ისინი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან ბრუნდებოდნენ“ - წერს მთავარსარდალი სოციალურ ქსელში.

ზალუჟნის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დღის 12 საათისთვის მოხდა. მისი ინფორმაციით, თავდასხმა სოფელი ვესელაია გორადან განხორციელდა და სხვადასხვა ტიპის იარაღს მოიცავდა: ფართოკალიბრიანი ავტომატური იარაღი (დაახლოებით 50 გასროლა). 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი Mortar (3 გასროლა), AGS-17 ტყვიამფრქვევი (10 გასროლა).

ზალუჟნის ინფორმაციით, კოლონიდან 4-მა მანქანამ გამშვები პუნქტი გაიარა და უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. მგზავრები კი ახლომდებარე თავშესაფარში გადაიყვანეს. მისი ცნობით, 8 მანქანა კვლავ გამშვებ პუნქტთან რჩება.

მთავარსარდალმა ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევას შეიარაღებულ ძალებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი არ მოჰყოლია და უკრაინის გაერთიანებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მოქალაქეების დასაცავად.

ვალერი ზალუჟნი ამ თავდასხმას რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმების მორიგი დარღვევად აფასებს.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ფაქტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მინსკის შეთანხმების მორიგი უხეში დარღვევაა.“ - აღნიშნავს უკრაინის არმიის მთავარსარდალი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.

ამავე დროს, კრემლი უკრაინას დონბასში "პროვოკაციების გაძლიერებაში" ადანაშაულებს.

დღეს, 18 თებერვლის დილიდან კი უკრაინის სამხედრო სამსახურებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 6 შემთხვევა დააფიქსირეს. მათგან 4 მოიცავდა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღების გამოყენებას.

რუსული საოკუპაციო ძალებმა 5 პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის ინფორმაციით შემთხვევებს ადამიანური დანაკარგი არ მოჰყოლია.


formulanews.ge
| Print |