რეგიონი
კიევი არ იცავს მინსკის შეთანხმებებს - ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ,,დამოუკიდებლობა" აღიარა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „ლიდერებმა“ ვლადიმერ პუტინს აღიარება სთხოვეს.

15 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიაროს.

დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მინსკის სამშვიდობო პროცესს აღმოსავლეთ უკრაინაში.

„კიევი არ იცავს მინსკის შეთანხმებებს. ჩვენს მოქალაქეებსა და თანამემამულეებს, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ, ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ“, - განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუკი აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, რუსეთი დე ფაქტო და დე იურე გავა მინსკის შეთანხმებებიდან ყველა თანმდევი შედეგით.

კრემლის ინფორმაციით, უკრაინის ორი რეგიონის ,,დამოუკიდებლობის" აღიარებამდე ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამასთან, მათ გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად“ , - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

რუსეთის ქმედებების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა უკრაინის დროით 20:00 საათზე დაიწყო.
| Print |