რეგიონი
ბაიდენი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელებს საგანგებო სიტყვით მიმართავს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, რასაც ის საერთაშორისო სამართლის ღია დარღვევას უწოდებს.

ბაიდენი აცხადებს სანქციათა ახალ რაუნდს, მათ შორის აქტივების გაყინვას რუსეთის ბანკებისთვის, რომლებიც 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობენ და ეს სანქციები ეხება რუსეთის VTB ბანკსაც.

ბაიდენის თქმით, რუსეთის შეტევა დიდწილად ისე განვითარდა, როგორც ნავარაუდევი იყო. ბაიდენი ამბობს, რომ პუტინმა დიპლომატიის გზა უარყო და რუსეთის არმიამ პროვოცირების გარეშე დაიწყო შეტევა უკრაინაზე.
სანქციების გამოცხადებამდე, ბაიდენმა შეხვედრა გამართა დიდი შვიდეულის წევრ მოკავშირე ქვეყნებთან, რათა განეხილათ რუსეთისთვის დასაწესებელი უფრო მკაცრი ზომები, მას მერე, რაც პრეზიდენტმა პუტინმა, ბაიდენის თქმით, "წინასწარ დაგეგმილი ომი" დაუწყო უკრაინას.
ბაიდენმა, რომელიც ოთხშაბათს, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, ხუთშაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა ვითარებაზე სამსჯელოდ.

მისი განცხადება წარმოადგენს სანქციების მეორე რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შემოაქვთ მას მერე, რაც პუტინმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ ჯარი გაგზავნა.
| Print |