რეგიონი
რუსულმა ძალებმა უკრაინაში რადიოაქტიური ობიექტი, გაზსადენი და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა
რუსული რაკეტები კიევში, რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემა მწყობრიდან არის გამოსული. მაგრამ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭურვების ვარდნა", - აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს წინასწარი შეფასებით, სანიტარიული დაცვის ზონის გარეთ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. პეჩერსკაიას მეტროსადგურთან რადიაციული ფონი ნორმალური და უცვლელია.

უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთ რაიონში ინტენსიური სროლების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის გარდა, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქეს, - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ ქიმიურ ობიექტებზე ავარიების შემთხვევაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ვასილკოვოზე სარაკეტო შეტევის შედეგად ნავთობის ბაზა იწვის.

უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი 9 -სართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა კორპუსიდან 20 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.
| Print |