რეგიონი
გაიყინება რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - იახტები, სასახლეები - თეთრი სახლი
ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთისთვის დაგეგმილია ისეთი სანქციები, რომ "რუსეთი ვერ გამოიყენებს თავის ცენტრალურ ბანკს თავისი ვალუტის მხარდასაჭერად".

"მომავალ კვირას ავამუშავებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, რათა ამოცნობილი, ლოკალიზებული და გაყინული იქნას სანქცირებული რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივები - მათი იახტები, სასახლეები და მანკიერი გზით მოპოვებული სხვა შენაძენები, რომელთა ამოცნობას და კანონის ძალით დაყადაღებასაც შევძლებთ",
- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამის გარდა, BBC-სთან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ისინი რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოახდენენ.

მისი თქმით, ყველა სანქცია, რაც დაწესებულია ან დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს, რომ ომი დააფინანსოს.

„ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს. ყველა ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად დააზარალებს პუტინს დააფინანსოს ომი. პუტინი დაადგა გზას, რომლის მიზანი იყო უკრაინის განადგურება, მაგრამ ის, რასაც აკეთებს, ფაქტობრივად ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს", - გაცხადა ლაიენმა.
| Print |