რეგიონი
უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას ბელარუსის საზღვარზე შეხვდება - ზელენსკი

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი „ფეისბუქის“ გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ წერს, რომ მათი დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე შეხვდება.

„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ხმელეთზე დარჩება“, - წერს ზელენსკი.

ამასობაში კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, განკარგულება გასცა, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა მოხდეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„ნატოს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდნენ სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, - განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს კრემლში თავდაცვის მინისტრთან სერგეი შაიგუსთან და გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს რუსეთის წინააღმდეგ.

პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნები იღებენ არალეგიტიმურ სანქციებს.
| Print |