რეგიონი
რუსეთმა უკრაინა ისევ დაბომბა
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე ახალი დარტყმა განახორციელეს, მაღალსართულიანი შენობა იწვის, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო : „სევერნაიას ქუჩა, ხარკოვი ღამის დაბომბვის შემდეგ".

ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:00 საათზე დედაქალაქ კიევში, რამდენიმე რაიონში, აფეთქებების ხმა გაისმა, გამოაცხადეს საჰაერო განგაში და მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდეს.

რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია ხუთი თანამშრომელი, - ამის შესახებ კი სუმის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკი განაცხადა.

"რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურულ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას! რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური. დაიღუპა 5 სამოქალაქო თანამშრომელი", - განაცხადა ჟივიცკიმ.

მისი თქმით, ახტირკაში არ არის გათბობა, საცხოვრებელ სახლებს წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდებათ.

"თავად ახტირკა ნაწილობრივ აღარ არსებობს! რუსულმა ავიაციამ დღეს გაანადგურა ქალაქის პროდუქტების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება", - დასძინა მან.
| Print |