რეგიონი
კრამატორსკის სადგურში ჩადენილ სისასტიკეში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე რუსული ძალების მიერ ავიაიერიში განხორციელდა. ოკუპანტებმა კი ამაში თავად უკრაინელები დაადანაშაულა. ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი საუბრობს.

"მტერმა მაშინვე სცადა, გაევრცელებინა ყალბი ცნობები, თითქოს დარტყმა უკრაინელი სამხედროების მიერ იყო განხორციელებული. ეს მათი მხრიდან უკიდურესი ცინიზმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. მათ მიზანმიმართულად დაარტყეს ადამიანებს, რათა მეტი პანიკა შექმნან. ისინი მუდმივად აკონტროლებენ რკინიგზის სადგურს, მათ ზუსტად იციან, თუ სად ახორციელებენ დარტყმებს,"- აცხადებს პავლო კირილენკო, დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.

კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 39-მდე გაიზარდა. მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. სადგურზე კასეტური რაკეტებით 2 ავიაიერიში განხორციელდა, ზუსტად მაშინ, როდესაც 4 000 ადამიანი ევაკუაციას ელოდებოდა.

| Print |