რეგიონი
ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც ცდილობს დაგვემუქროს - პუტინი
ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენს ქვეყანას დაემუქროს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ,,სარმატი" გამოცდის შემდეგ განაცხადა.

გილოცავთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ წარმატებით გაშვებას. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, - აღნიშნა პუტინმა.

მედიის ინფორმაციით, „სარმატს“ დასავლელმა ანალიტიკოსებმა „სატანა 2“ უწოდეს და ის რუსეთის შემდეგი თაობის რაკეტებს შორისაა, რომელსაც პუტინმა "უძლეველი" უწოდა. იგი საბჭოთა ეპოქის Voevoda ICBM-ის ჩასანაცვლებლადაა შექმნილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ რუსეთში, პლესეცკის კოსმოდრომზე ჩატარდა.

„სარმატი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა სამიზნეების განადგურების ყველაზე დიდი დიაპაზონით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო ძალას“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ.


interpressnews.ge
| Print |