რეგიონი
გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსეთის ცაზე „Z“ სიმბოლო გამოჩნდება
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პარალელურად წელს, „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული აღლუმის დროს მოსკოვის ცას 77 რუსული თვითმფრინავი გადაუფრენს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავებს შორის იქნება რვა მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი, რომელიც ცაზე „Z“ სიმბოლოს ფორმირებას განახორციელებს, რათა გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების მიმართ.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღლუმის სახმელეთო ნაწილში ნაჩვენები იქნება იარაღის 131 სისტემა, მათ შორის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამშვები და T-72, T-90 და T-14 ტანკები.

ამასთან, მოსკოვის „წითელ მოედანზე“ სამხედრო აღლუმში დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

„გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვა.
| Print |