რეგიონი
რუსულმა ძალებმა ხარკოვი და ჩერნიგოვი დაბომბეს
რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ერთ-ერთი უბანი მას შემდეგ დაბომბეს, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქში ჩასვლის შესახებ ცნობილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ჟუკოვსკის მიდამოებში ცეცხლი გახსნეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამუშაო ვიზიტით ხარკოვში ჩავიდა. ზელენსკი შესაბამისი ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში ოპერატიულ ვითარებას გაეცნო და სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები და ძვირფასი საჩუქრები გადასცა.
,,მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის. თქვენ რისკავთ თქვენს სიცოცხლეს ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. მადლობა, რომ იცავთ უკრაინის დამოუკიდებლობას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!" - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

უკრაინის ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, დღესვე, რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვის ოლქისა და სუმის რეგიონის დასახლებებზე იერიში მიიტანეს. მედიის ცნობით, დაახლოებით 12:43 საათზე ჩერნიგოვის რეგიონში, სემენივკას რეგიონში დასახლებებს 7 ჭურვი მოხვდა.

ჩერნიგოვის ოლქში, რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს სახლები, ადამიანები აწამეს და დახოცეს, ტერიტორია კი დანაღმეს. ასაფეთქებელ ნივთიერებას არა ერთი ადამიანის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა შეეწირა. ადგილობრივები იმასაც ჰყვებიან, რომ სოფელს რამდენჯერმე დრონმა გადაუფრინა, შემდეგ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

მშვიდობიანი მოქალაქეების, მათი სახლების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების გარდა, რუსი სამხედროები არ უშინდებოდნენ ეკლესიების განადგურებას. ერთ-ერთი ტაძარიც სამხედრო მოქმედებების დროს დააზიანეს, განადგურებულია გუმბათის ნაწილიც, ერთმორწმუნე რუსებმა ფრესკებიც დააზიანეს.
| Print |