რეგიონი
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ვერთვებით ამ კონფლიქტში, მით მეტი გვიჩნდება დასაკარგი - ამერიკელი პოლკოვნიკი
ამერიკელი სამხედრო სტრატეგი, პოლკოვნიკი და სამხედრო მეცნიერებათა პროფესორი დევიდ ჯონსონი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ შედეგებს განიხილავს, რაც შეიძლება რუსეთ - უკრაინის ომს მოყვეს, როგორც ორივე ქვეყნისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის. როგორ მოიქცევა დასავლეთი, რას იზამს ევროპა ზამთარში, როცა იაფიანი გაზი დასჭირდება, რას ფიქრობს პუტინი და როდის შეიძლება დასრულდეს ომი - გაეცანით ძალიან საინტერესო მოსაზრებებს სამხედრო ექსპერტ დევიდ ჯონსონისგან.

რუსების კლასიკური ტაქტიკა

,,ომის ძალიან რთულ პერიოდში ვართ. ვფიქრობ, რუსების გეგმა იყო, ემოქმედათ ჩეხოსლოვაკიის, ავღანეთისა და ჩეჩნეთის სცენარის მიხედვით - ეცადათ ელვისებური შეჭრა, რომელსაც შესაძლოა სახელმწიფო გადატრიალება მოჰყოლოდა. თუ გამოგივიდა, ძალიან კარგი, თუ არ გამოგივიდა და წინააღმდეგობას წააწყდი, უკან იხევ და იწყებ იმის კეთებას, რაც რუსების კლასიკური ტაქტიკაა - არტილერიის განუწყვეტელი ცეცხლი და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ „გახარჯვა“ მტრის ძალებისა.

რუსები იმას აკეთებენ, რაც ჩაიფიქრეს. ომის დაწყებიდან უკვე ას დღეზე მეტი გავიდა და ვხედავთ, რომ რუსები ტაატით, მაგრამ წინ მიიწევენ დონბასში. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? უკვე გამოჩნდა, რომ მთავარი „ვარსკვლავი“ ომის ამ ფაზაში არტილერიაა და არა ჯაველინები და კამიკაძე-დრონები. უკრაინელები თავადვე ამბობენ: ჯაველინები და დრონები რუსების წინსვლას აბრკოლებენ, მაგრამ რაც მათ ხოცავს - ეს არტილერიაა.

მთავარი „ვარსკვლავი“ არტილერიაა... უკრაინელები თავადვე ამბობენ: ჯაველინები და დრონები რუსების წინსვლას აბრკოლებენ, მაგრამ რაც მათ ხოცავს - ეს არტილერიაა. რუსები ფსონს დებენ იმაზე, რომ ასეთ პირობებში ისინი მეტხანს გაძლებენ, რადგან ხალხიც მეტი ჰყავთ და იარაღიც მეტი აქვთ. შესაბამისად, დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ის შეიარაღება, რომლითაც მათ შეეძლებათ ძალთა ეს უთანასწორობა დააბალანსონ და ბრძოლაში დარჩნენ.

რუსული დანაყოფი უკრაინის მდინარეში

ამ ეტაპზე დიდი გამარჯვება ან მარცხი ჯერ არც ერთი მხარისგან არ გვინახავს. - რუსების იერიში წინ ძალიან მდორედ და ტაატით მიდის, უკრაინელები კი კონტრშეტევებს აწარმოებენ, პარალიზებულები არც ისინი არიან. ეს გრძელი ომია - უკვე 100 დღეს გადავცდით. აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ უკრაინელები საინფორმაციო კამპანიას - რაც დღეს ომზე ვიცით, თითქმის ყველაფერი, ისაა, რასაც უკრაინელები გვეუბნებიან. ამას თავისი ცდომილების რისკები ახლავს - რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ფოტო, თუ როგორ აღმოჩნდა მდინარეში რუსული დანაყოფი და ჯავშანტექნიკა, რომელიც მეორე ნაპირზე გასვლას ცდილობდა. მშვენიერია, მაგრამ რასაც ეს ფოტო არ გვიყვება, არის ის, რომ იგივე მდინარე რუსებმა 6 სხვა ადგილას უპრობლემოდ გადაკვეთეს.

დღემდე არ ვიცით, რა დანაკარგები აქვს უკრაინას. რუსების სავარაუდო დანაკარგებზე ცნობებიც უკრაინისგან გვაქვს და, დიდი ალბათობით, ეს რიცხვები „გაბერილია“. ამ ყველაფერს კი მივყავართ იქამდე, რომ არ ვიცით ძალთა რეალური თანაფარდობა, მათი მზადყოფნა ბრძოლისთვის და ა.შ. შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - რამდენ ხანს შეუძლიათ მათ ბრძოლის გაგრძელება? სამოქალაქო ომი შტატებში, პირველი და მეორე მსოფლიო ომები - ყველა მათგანი თავდაპირველი პროგნოზით მალევე უნდა მორჩენილიყო და ლამის სამუდამოდ გაგრძელდა. ასე რომ, ერთადერთი პროგნოზი, რაც ამ ეტაპზე შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ გულწრფელად ვაღიაროთ - წარმოდგენა არ გვაქვს, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ომი.

კონტრშეტევები აუცილებელია - ის არა მხოლოდ რუსების წინსვლას ანელებს, არამედ მათ მგრძნობიარე წერტილებს ურტყამს - კომუნიკაციის ხაზებზე თითოეული იერიში ნიშნავს იმას, რომ რუსებს უწევთ თავდაცვაზე გადავიდნენ და დანაყოფები, რომლებიც იერიშში უნდა ჩართულიყვნენ, ზურგში გადაისროლონ. მასშტაბური კონტრიერიში უკრაინის მხრიდან ჯერ ვერ ვნახეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ისინი იდეალურ მომენტს ელოდებიან ამისთვის. ისინი ძალიან ჭკვიანურად იქცევიან, მაქსიმალურ წინდახედულობას იჩენენ, ეს გონივრული მიდგომაა. ვფიქრობ, დიდი გარღვევების მოლოდინი ამ ეტაპზე არც ერთი მხარისგან არ უნდა გვქონდეს - სანამ რომელიმე ძალიან არ დაიქანცება. უკრაინაში რაც ხდება, სწორედ ესაა ნამდვილი ომი, როდესაც ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი მოწინააღმდეგე უპირისპირდება ერთმანეთს და დათმობაზე არც ერთი არ ფიქრობს. დონბასში, მაგალითად, ვფიქრობ, კიდევ კვირები მოგვიწევს ლოდინი, სანამ საბოლოო სურათი დალაგდება.

რუსული კომუნიკაციების ხაზები დაუცველია

რუსებისთვის უსაფრთხო არ იქნება არხეინად დგომა და უკრაინის პოზიციების დაბომბვა, რადგან მათ მაღალი სიზუსტის პასუხს დაუბრუნებენ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი ტექნიკა ძალიან ნელა მოძრაობს. ღაზის სექტორის მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, რუსი გენერლები, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, საკუთარ ტელეფონებს ვერ ელევიან. რუსული კომუნიკაციების ხაზები დაუცველია, ტელეფონები სიგნალს გადასცემენ, ამ სიგნალის და ზოგადად, ემისიის მეშვეობით კი შესაძლებელია მათი ლოკაციის დადგენა. იგივე შეიძლება ითქვას რადიომიმღებებზეც. როდესაც ემისია განსაკუთრებით მძაფრია, რადარისთვის ეს იგივეა, ტყეში კოცონი რომ დაანთო, ეს იმას მიანიშნებს, რომ შენ წინაშე უბრალოდ ბატალიონი კი არა, შტაბბინაა და თავისთავად ცხადია, უკრაინელები ასეთ სამიზნეს ხელიდან არ გაუშვებენ. ამას გარდა, რუსების დაუცველი კომუნიკაციის ხაზი ნიშნავს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ მოუსმინონ რუს გენერალს - რა განკარგულებებს იძლევა ის და გაარკვიონ, საით აპირებს გადაადგილებას მისი დანაყოფი. როცა ეს ყველაფერი იცი, ამის შემდეგ საქმე დამიზნებასა და მორტყმაზეა. არ მჯერა იმ თეორიისა და სპეკულაციების, რომ თითქოსდა „რუს გენერლებს ევალებათ, ფრონტის ხაზზე იყვნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარისკაცები იმას არ გააკეთებენ, რაც ევალებათ. პირადად უნდა დაჰყურებდეთ გენერალი“. არ მგონია, ეს ასე იყოს. მათ უბრალოდ პოულობენ. და როცა პოულობენ, კლავენ კიდეც.

გავიძახით, რომ რუსების არმია ახალწვეულების არმიაა, რომ კორუმპირებული სარდლობა ჰყავთ, მაგრამ ზუსტად ასეთივე არმია ჰყავდათ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო არმია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომში რუსული არმია საზარბაზნე ხორცის ქარავანი იყო, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ხალხი მიუძღოდა და მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის განმავლობაში ვერმახტი „დაღეჭეს და გადმოაფურთხეს“. ხშირად მესმის, რომ რუსები ომს იმიტომ უჭერენ მხარს, რომ მათ პროპაგანდას „აჭმევენ“, პოლიციის ეშინიათ, გამოკითხვები რეალურ სურათს არ გვიჩვენებენ და ა.შ. არ მგონია, საქმე ასე იყოს - ჩემი აზრით, რიგით რუსს ეს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება და ის ამ ყველაფერს იწონებს. ამიტომ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ისინი დანებდებიან, არ მჯერა, რომ რუსი ჯარისკაცები დიდი რაოდენობით დაიწყებენ დეზერტირობას ან ტყვედ ჩაბარდებიან. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ომში ჩაიდინო, მთავარი ცოდვა - ეს მეტოქის სათანადოდ არშეფასებაა და ეს არ უნდა გავაკეთოთ.

რა მოხდება როდესაც საკვების დეფიციტი დაიწყება?

ახლახან ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 70 პროცენტი მომხრეა, რომ უკრაინას ნატო დაეხმაროს. და ეს [ომის გამო] გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის ფონზე. საკითხავი ისაა, რას იტყვის ევროპა, თუ ზამთარი ცივი იქნება, იაფფასიანი საწვავი კი დეფიციტში. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ თითქმის არ ვფიქრობთ, იმიტომ რომ საქმე ევროპას და შტატებს არ ეხება - დანარჩენი სამყაროსთვის საჭირო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის დიდი წილი უკრაინაზე მოდის. კარგად გვმართებს ამაზე დაფიქრება - არაბული გაზაფხული სწორედ საკვებისა და სამზარეულოს ზეთის დეფიციტმა დაიწყო და მგონია, რომ იმავეს განმეორებისკენ მივიწევთ ახლა. ამ ყველაფერს დიდი გავლენა ექნება დანარჩენ მსოფლიოზე - საკვების დეფიციტის შედეგებს მალევე ვნახავთ, დანარჩენი შემდეგი წლიდან დაემატება. და ეს არ იქნება მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც უნდა „გამოვიდაროთ“, ეს იქნება გრძელი პროცესი... დასავლეთს მოუწევს, ან თავად „გამოკვებოს“ დანარჩენები და მიაწოდოს ის რესურსები, რაც უკრაინაში იკარგება, ან რამე იღონოს ოდესის პორტზე ბლოკადის მოსახსნელად, რასაც მეეჭვება, რუსები დათანხმდნენ. რუსებს პირიქით ხელს აძლევთ, ხალხმა საკვების დეფიციტი საკუთარ ტყავზე იგრძნოს იმის გამო, რომ უკრაინის ექსპორტი „გაყინულია“. რატომ უნდა დაუჭიროს რუსეთმა მხარი ჰუმანიტარულ ძალისხმევას, რაც უკრაინას წაადგება, ვინც არ უნდა იყოს ამ კოალიციაში?

თუ რამე ვისწავლეთ ჯერჯერობით პუტინზე, ეს ისაა, რომ დიდი სიკეთით და ხათრიანობით არ გამოირჩევა. ჩემთვის სასურველი გამოსავალი იქნებოდა, თუ ნატო და სხვა ქვეყნები შეავსებენ ამ დეფიციტს. მსოფლიოს საკმარისი ხორბალი აქვს. შეერთებული შტატები უზარმაზარი რაოდენობის ხორბალს აწარმოებს ყოველწლიურად, ისევე როგორც რიგი აზიის ქვეყნები. ამის ალტერნატივაა ის, რომ დასავლეთი დაიღლება და უკრაინას ნაკლები მხარდაჭერა ექნება, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ვერთვებით ამ კონფლიქტში, მით მეტი გვიჩნდება დასაკარგი და მით მეტია ჩვენი ინტერესი, ის უკრაინის სასარგებლოდ დასრულდეს. ვნახეთ, როგორ შეიცვალა ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას ვაწვდით. ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს ვაწვდიდით და ახლა HIMARS-ებსა და GEPARD-ებს ვაძლევთ. ფსონები გაიზარდა, მათ შორის, ჩვენთვისაც.

ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, ვინც იცის, რა არის რუსეთის მიზანი ამ ომში, ეს თავად პუტინია და ის თავად გადაწყვეტს, როგორ გამოიყურება გამარჯვება - დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტ „სახელმწიფოებად“ გადაქცევა ჩეჩნეთის მსგავსად? შესაძლოა. იქნება კი ეს საკმარისი მისთვის? თუ ყირიმის სცენარი განმეორდება და ეს მხოლოდ „სულის მოთქმა“ იქნება მანამ, სანამ არ ჩათვლის, რომ მზადაა, კიდევ სცადოს ბედი? პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - დღეს როგორ გამოიყურება გამარჯვება?
| Print |