რეგიონი
რუსულმა ძალებმა კუნძული „ზმეინი“ დატოვეს
რუსულმა ძალებმა კუნძული „ზმეინი“ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აღნიშნულს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა

„კუნძულ "ზმეინზე" რუსი ჯარისკაცები აღარ არიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავად იმუშავეს“, - წერს ერმაკი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულიდან ძალების გაყვანა “კეთილი ნების ჟესტი“ იყო. სამინისტროს მტკიცებით, მათ აჩვენეს, რომ არ აფერხებენ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების მიზნით გაეროს ძალისხმევას, იმისთვის, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი განხორციელდეს.

„ასეთი ნაბიჯი ხელს შეუშლის კიევის სპეკულირებას მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე რუსეთის მიერ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სრული კონტროლის გამო მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, მიწოდების აღდგენის მიზნით, უკრაინულმა მხარემ უნდა გაწმინდოს შავი ზღვის სანაპირო, პორტის წყლის ტერიტორიების ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ კუნძული „ზმეინი“ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო მოქცეული.
| Print |