რეგიონი
უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ლუგანსკის მახლობლად პარტიზანების დანაყოფში იბრძოდა.

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარსკაცი კახა გოგოლი ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, კახა მეომარი იყო და გმირულად დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, იგი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 დღეში გაემგზავრა.

ახლობლებისთვის ჯერ უცნობია, როდის მოხდება საქართველოში ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენება.

„სოციალური ქსელიდან გავიგეთ ეს ამბავი. თავზარდაცემულები ვართ. კახა ზედმეტად პატრიოტი ადამიანი იყო, თავის სამშობლოზე უაღრესად შეყვარებული. თავის დროზე აფხაზეთშიც ომობდა. გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი“, - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ზვიად ლეჟავამ.

კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ამავე ინფორმაციით, ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი ცნობილია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის. ამ დროისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
| Print |