რეგიონი
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, კახა გოგოლს 19 ივლისს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი ფოთში, საკუთარ სახლში, გვიან ღამით გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს 19 ივლისს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მის საცხოვრებელ სახლთან უკრაინისა და საქართველოს დროშებია გამოფენილი.

,,მას ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება, 17 წლიდან აფხაზეთის ომში იბრძოდა. ოჯახს გაეპარა აფხაზეთის ომში, თვითონაც აფხაზეთიდან იყო. ამის შემდეგ იყო პარტიზანი, 2008 წელს აგვისტოს ომის მონაწილე, ახლა კი იბრძოდა უკრაინის ომში, მაგრამ არასდროს არ მოიხსენიებდა, როგორც უკრაინის და რუსეთის ომს, ამბობდა, რომ ეს იყოს საქართველოს და რუსეთის ომი და მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის ხაზი გადიოდა უკრაინის გამარჯვებაში. ამბობდა, რომ ამ გამარჯვებით ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად გამარჯვებული ჩავალთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიო. ეს იყო მისი მამოძრავებელი ძალა” , - განაცხადა დაღუპული ჯარისკაცის ახლობელმა ირაკლი ფიფიამ.

კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან 15 დღეში წავიდა.

უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
| Print |