რეგიონი
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
სომხეთი აზერბაიჯანს საზღვარზე სროლებში ადანაშაულებს, რის შედეგადაც, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის რამ ტოროსიანის ინფორმაციით, ერთი სომეხი წვევამდელი დაიჭრა. მისი ინფორმაციით, სროლა 6 აგვისტოს საღამოს განხორციელდა.

სომხეთის ბრალდებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და სომხეთის განცხადებას, აზერბაიჯანის მიერ საზღვარზე ცეცხლის გახსნის შესახებ, სიცრუე უწოდა.

„ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძლების ქვედანაყოფს ხსენებული მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია“ ,- აღნიშნეს უწყებაში.

JAMnews-ის ინფორმაციით, სროლები ისმოდა როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით. რუსი სამშვიდობოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ჯერ დარღვევების შესახებ არაფერს ამბობენ.

პოლიტოლოგები კი დამთხვევად არ მიიჩნევენ, რომ ვითარება დაიძაბა როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ყოველივე მოლაპარაკებების პროცესში ბაქოს უკმაყოფილებით არის განპირობებული. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს ქმედება სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის აქტიურობის წინააღმდეგ იყოს მიმართული.
| Print |