რეგიონი
ვინ აიღო პასუხისმგებლობა დუგინის შვილის მკვლელობაზე?
ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

როგორც ორგანიზაციის წევრები წერენ, მასში გაწევრიანებული არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან.

"ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან. ისინი პუტინს აცხადებენ უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გასწირა.

ორგანიზაცია პუტინს განადგურებით ემუქრება. ასევე, საკუთარ განცხადებაში ყველა რუს ჩინოვნიკს აფრთხილებენ, რომ თუ ისინი არ დათმობენ ძალაუფლებას, მათაც განადგურება ელოდებათ.

"ნაციონალური რესპუბლიკური არმია" აგრეთვე რუსეთის არმიის ჯარისკაცებს მოუწოდებს: შეწყვიტონ სროლა მათი ძმების მიმართულებით სხვა ქვეყნებიდან – საქართველოდან, სირიიდან. მოუწოდებენ შეუერთდნენ და აღმართონ ლურჯ-თეთრი ფერის ახალი რუსეთის დროშა.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "მსოფლიო არ არის რუსეთის მტერი და რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი და ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ".

ცნობისთვის, ალექსანდრ დუგინი რუსი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი და სტრატეგისტია. დუგინი დაკავშირებულია 2008 წლის 31 დეკემბერს დაფუძნებული „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელ არჩილ ჭყოიძესთან. რომელსაც ის საქართველოში, როგორც ნატოს წინააღმდეგ მებრძოლს - გმირს უწოდებს. „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა“ „ერეკლე მეორის საზოგადოებასა“ და „ევრაზიული ინსტიტუტს“ საქართველოში ევრაზიული მოძრაობის მთავარ ლოკომოტივად ასახელებს. გარდა ამისა, დუგინი „ოჯახების მსოფლიო კონგრესთან“ არის კავშირში, რომლის წარმომადგენელი ლევან ვასაძეა. როგორც ცნობილია ლევან ვასაძეს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს დუგინთან. ლევან ვასაძის მტკიცებით, მან დუგინი 2015 წელს გაიცნო და სწორედ მისი დამსახურებით შეიცვალა დუგინმა განწყობა საქართველოს მიმართ.
| Print |