რეგიონი
რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა, 7 ადამიანი დაშავდა
მიკოლაევის რაიონში, დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას მიკოლაევის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ანა ზამაზეევა ავრცელებს.

„მხოლოდ გუშინ მიკოლაევის რაიონში, მტრული ქმედებების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამწუხაროდ, არის დაღუპულიც - 8 წლის ბავშვი“, - აღნიშნა მან საკუთარ ტელეგრამ არხზე.

ზამაზეევამ დასძინა, რომ ყველა დაზარალებული გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და უტარდებათ საჭირო დახმარება.

მისი თქმით, დღეს დილის მდგომარეობით, მიკოლაევის საავადმყოფოებში 579 მოქალაქე მკურნალობს.

ზამაზეევამ აღნიშნა, რომ ქალაქი მიკოლაევი გვიან ღამით მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. რაკეტის აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სამი სამედიცინო დაწესებულების, ორი სასწავლო დაწესებულების, მუზეუმისა და საცხოვრებელი კორპუსები.
| Print |