რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 196-ე დღეს?
რუსეთ-უკრაინის ომის 196-ე დღეს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დონეცკში მტრის 8 შეტევის მოგერიება მოხერხდა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინელები მოულოდნელ შეტევაზე გადავიდნენ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეასთან, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იზიუმის სიახლოვეს მდებარეობს.

კონტრშეტევა გრძელდება ხერსონის მიმართულებითაც, სადაც უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს.

პარალელურად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეშფოთებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარებით და აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის ანგარიშშია ნათქვამი.

საერთაშორისო ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გასულ კვირას ეწვია. სააგენტოს 2 ინსპექტორი ამ დრომდე იქ იმყოფება.
| Print |