რეგიონი
აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე გადასცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ადასტურებენ.

როგორც სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საქმეებზე მომუშავე აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიაში აღნიშნავენ, სამხედროების გათავისუფლების გადაწყვეტილება 31 აგვისტოს ბრიუსელში პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული.

ხუთი სამხედრო მოსამსახურის გადაცემა 8 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.

აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის ერონული უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

„ჩვენ მივესალმებით ამ აქციას, როგორც ნაბიჯს, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთობების ნორმალიზებას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ტყვეების გათავისუფლებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„გადაცემა მოხდა ორმხრივ საფუძველზე, რაც არის როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის დამსახურება. ყველა გადაუწყვეტელი ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება არის მთავარი პრიორიტეტი“,
– წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

წყარო: jnews.ge
| Print |