რეგიონი
რა ვითარებაა ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?
აზერბაიჯანულმა მხარემ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენა, ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა განაცხადა.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 14 სექტემბრის ღამეს კვლავ დაძაბული იყო. კერძოდ, მოწინააღმდეგემ ჯერმუკის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. თუმცა სხვა რაიონებში მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, დღეს, 08:00 საათიდან მოწინააღმდეგემ გამოიყენა არტილერია, ნაღმტყორცნები და მსხვილი კალიბრის იარაღი, კერძოდ, ჯერმუკისა და ვერინ-შორჟას მიმართულებებით“, - განაცხადა ტოროსიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება სამშაბათს დაიძაბა. სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჯერმუკი, გორისი და კაპანი დაბომბეს და მათ აზერბაიჯანის „მასშტაბურ პროვოკაციას“ უპასუხეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მასშტაბური პროვოკაცია“ მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
| Print |