რეგიონი
იზიუმის სამარხში უკრაინელი სამხედროების ხელებშეკრული ცხედრები იპოვეს - უკრაინის ომბუდსმენი
გათავისუფლებულ იზიუმში ადამიანების მასობრივ სამარხში უკრაინელი სამხედროების ცხედრები აღმოაჩინეს, რომლებიც, შესაძლოა, ოკუპაციის დროს აწამეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის ადგილი დაათვალიერა.

„არსებობს ფაქტები - მაგალითად, შეკრული ხელები - რომ ისინი აწამეს და მოკლეს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ნაპოვნია მთელი ოჯახების, მათ შორის ბავშვების სამარხები.

„მასშტაბები უბრალოდ გასაოცარია. ყველა მათგანი დაიღუპა ოკუპაციის დროს და მაშინ, როდესაც რუსული არმია მოიწევდა ჩვენს ტერიტორიაზე", - თქვა ლუბინეცმა.

მანამდე უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ იზიუმთან დაახლოებით 445 მშვიდობიანი მოქალაქის საფლავი აღმოაჩინეს. სამართალდამცავებმა ორი ცხედარი იპოვეს, რომელთაც ყურები მოჭრილი ჰქონდათ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |