რეგიონი
ზელენსკიმ თქვა, რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან - არ არის მზად და ნუ არის - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის პირობები დაასახელა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პუტინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი მხარეებს შეხვედრას სთავაზობს და მიაჩნია, რომ ამან შეიძლება გარკვეული დადებითი შედეგი გამოიწვიოს. მისი თქმით, პირველი პირობა შეხვედრისთვის არის ის, რომ კიევის ხელისუფლება დათანხმდეს.

„თუმცა, ისინი უარს ამბობენ! ზელენსკიმ ხომ გამოაცხადა! საჯაროდ თქვა - არ ვიცი სად, მაგრამ საჯაროდ - რომ არ არის მზად და არ სურს საუბარი რუსეთთან. არ არის მზად და ნუ არის“, - განაცხადა პუტინმა.

დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში მიმდინარე ომზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, რუსეთის ბირთვული ობიექტების ტერიტორიებზე ცდილობდნენ ტერაქტის მოწყობას, მაგრამ ახლა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. პუტინი აღნიშნავს, რომ გაცილებით სერიოზული ზომები იქნება მიღებული, თუკი კიევის ხელისუფლება ვერ შეიგნებს, რომ ასეთი მეთოდები დაუშვებელია.

„სულ ახლახან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი დარტყმა განახორციელეს და მოდი, ჩავთვალოთ, რომ ისინი გამაფრთხილებელი იყო. თუკი მომავალში ვითარება მსგავსადვე წარიმართება, პასუხი გაცილებით სერიოზული იქნება“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

მანვე ხაზგასმით თქვა, რომ „სპეცოპერაციის“ გეგმა კორექტირებას არ ექვემდებარება.

„ძირითადი მიზანი დონბასის ტერიტორიის გათავისუფლებაა. ამისთვის მუშაობა გრძელდება მიუხედავად უკრაინის არმიის კონტრშეტევებისა“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა ომში მონაწილეობს არა სრული, არამედ არმიის მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილით და ამ მიმართულებით ისინი არ ჩქარობენ. 
| Print |