რეგიონი
რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში 5 ბავშვის ცხედარი იპოვეს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში 5 ბავშვის ცხედარი იპოვეს.

"პოლიციამ 2021, 2019, 2018 წლებში დაბადებული გოგოების, ასევე 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭების ცხედრები იპოვა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ, ბავშვებს თავიდან დაკრძალავენ," - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამომძიებლებმა მასობრივ საფლავში 4 ბავშვის ცხედარი იპოვეს, 1 ბიჭი კი დედამ ეზოში დამარხა. წინასწარი მონაცემებით, თითოეული მათგანი რუსული ძალების მიერ დაბომბვისას მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დონეცკის რეგიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემოდგომის კონტშეტევის დაწყებამდე, უკრაინა რეგიონის ტერიტორიის 45%-ს აკონტროლებდა, 26 სექტემბრის მონაცემებით - 50%-ს.

17 ოქტომბრის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 43 მასობრივი საფლავია აღმოჩენილი.

| Print |