რეგიონი
უკრაინელებმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების 7 დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები შვიდ დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ბახმუტის, ივანგრადის, სოლედარის, მაიორსკის, კრასნოგოროვკასა და მარინკას დასახლებებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, 5 დარტყმა განახორციელა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია, 3 საყრდენი პუნქტი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა.

„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის კუთვნილი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, Х-59 ტიპის რაკეტა და მტრის 17 დრონი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ჯარისკაცებმა, დღის განმავლობაში, 4 სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 8 ტერიტორიას, საბრძოლო მასალების 3 საცავსა და მოწინააღმდეგის 6 სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტს დაარტყეს.
| Print |