რეგიონი
წუხელ უკრაინელებმა თავდასხმა დონეცკისა და ლუგანსკის 12 პუნქტზე მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონის 12 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა მოიგერიეს.

„მტერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს და გარკვეული მიმართულებით თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებისთვის ძალისხმევის მობილიზებას ცდილობს. ამასთან ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით“, -აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შეხების ხაზზე ბომბავს. მათივე ცნობით, რუსული მხარე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების დარღვევით კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო შენობებზე დარტყმებს ახორციელებს.

გასული დღის განმავლობაში მტერმა 7 სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ამასთან, განხორციელდა 90-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
| Print |