რეგიონი
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.

სერგეი შოიგუს უწყებაში განმარტავენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციების“ ჩატარების გამოუყენებლობის შესახებ საჭირო წერილობითი გარანტიების მიღება ოფიციალური კიევისგან შესაძლებელი გახდა.

„რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და განაახლებს ხელშეკრულების შესრულებას“,- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივაში რუსეთის მონაწილეობის განახლებაზე ცნობებს ადასტურებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.

თურქეთის ლიდერმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის თურქ კოლეგას აცნობა, რომ შეთანხმება განახლდება.
| Print |