რეგიონი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული პოზიციების წინ მიწა ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი
დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება - ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციებისწინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მტერი თანდათან უკან იხევს და უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ.

„ზოგადად, ფრონტის გასწვრივ ჩვენი ძალები აქტიური თავდაცვის მდგომარეობაში არიან - აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ ნაწილში მტერს ნელ-ნელა უკან ვხევთ და თანდათან წინ მივიწევთ. დონეცკის ოლქი ოკუპანტების უდიდესი სიგიჟის ეპიცენტრად რჩება - ყოველდღიურად ასობით მათგანი იღუპება, უკრაინული პოზიციების წინ მიწა, ფაქტობრივად, ოკუპანტების ცხედრებითაა მოფენილი”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ბოლო დროს განხორციელებულმა ტერორმა მხოლოდ მსოფლიო გამოხმაურება გამოიწვია.

„მსოფლიომ უკრაინისთვის ახალი დახმარების აღმოჩენით უპასუხა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა შეუერთდეს ამ დახმარებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მიერ მიღებულ ახალ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა, თანდათან, წინ მიიწევს მიზნისკენ, რომელიც უკრაინის ცის ასპროცენტიან დაცვას ითვალისწინებს.

"მივიღეთ ახალი სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. უკრაინის ცის დაცვა, რა თქმა უნდა, ასი პროცენტით არ ხდება, მაგრამ ჩვენ თანდათან მივდივართ ჩვენი მიზნისკენ"
, - აღნიშნა ზელენსკიმ.
| Print |