რეგიონი
ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან
ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსული ძალები „სერიოზულ დანაკარგებს“ განიცდიან, რაც მათ მორალზე აისახება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

„დონბასი რჩება ჩვენი მტრის თავდასხმის მთავარ ეპიცენტრად. ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებები უდიდეს თავდასხმებს განიცდიან. მტერი ცეცხლს ხსნის ყველა სახის საარტილერიო სისტემებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის“, - განაცხადა ჩერევატიმ.

მისი თქმით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით რუსეთი ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცს კარგავს.

"ეს არის სერიოზული დანაკარგები და გავლენას ახდენს მათ მორალურ მდგომარეობაზე," - აღნიშნა ჩერევატიმ.

როგორც ცნობილია, რუსული ძალები დონეცკის ოლქს მუდმივად ბომბავენ. რეგიონში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების პრობლემებია.
| Print |