რეგიონი
უკრაინულმა მხარემ ლუგანსკში 12 დასახლება გაათავისუფლა
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაკეევკა გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, 12 დასახლებიდან ბოლოს მაკეევკა გათავისუფლდა, რაც არის სვატოვის გათავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

გაიდაის ინფორმაციით, ბელოგოროვკა რუსული ძალების მხრიდან მუდმივი დაბომბვისა და თავდასხმების ქვეშაა და „სოფლიდან არაფერია დარჩენილი“.
| Print |