რეგიონი
ევროკავშირმა რუსული კომპანიების კუთვნილი 19 მილიარდამდე ევროს ღირებულების აქტივები დააყადაღა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18.9 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ყველაზე მეტი – 3.5 მილიარდი ევრო ბელგიამ დააყადაღა, რომელსაც მოსდევენ ლუქსემბურგი 2.5 მილიარდით ევროს ღირებულების და გერმანია 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების დაყადაღებული აქტივებით. 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინეს ირლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა.

მალტა, ქვეყანა, სადაც მოქმედებს საკამათო "ოქროს პასპორტის" სქემა მდიდარი ინვესტორებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, სიაში ბოლოა და იქ 146 558 ევროა დაბლოკილი. საბერძნეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა 212 201 ევროთი.

აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, საერთო ჯამში, 1241 ფიზიკური პირი და 118 ორგანიზაცია ექვემდებარება უკრაინის კონფლიქტში მათი როლის გამო.
| Print |