რეგიონი
მედვედევი „განადგურების ძლიერი საშუალებებით“ იმუქრება
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ტელეგრამაში წერს, რომ რუსეთი ზრდის "ყველაზე ძლიერი იარაღის წარმოებას", მათ შორის "ახალ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღის".

მისი თქმით, „მტერი“არა მხოლოდ უკრაინაშია, ის არის ევროპაშიც, ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სხვა რიგ ადგილებშიც.

მედვედევი ამ კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის წარმომადგენლების განცხადებებს რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო სამხედრო დარტყმის შესახებ.

როგორც ჩანს, მედვედევი, პირველ რიგში უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ოლექსი დანილოვს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის მტერი მის საზღვრებს მიღმაა, ვლადივოსტოკამდე.

რა სახის იარაღს გულისხმობდა დმიტრი მედვედევი, მას არ განუმარტავს, თუმცა, მეორე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბიშკეკში სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ მოსკოვმა შესაძლოა „იფიქროს“ პრევენციული და განმაიარაღებელი ბირთვული დარტყმის იდეაზე.

ამავდროულად, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს ახლა აქვს ჰიპერბგერითი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია ასეთი დარტყმის განხორციელება, ხოლო აშის – არა.

რამდენიმე დღით ადრე პუტინმა არ გამორიცხა, რომ რომ შესაძლოა რუსეთი იყოს პირველი, ვინც ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ისიც აღნიშმა, რომ დოქტრინა ითვალისწინებს ე.წ. საპასუხო და არა პრევენციულ დარტყმას.
| Print |