რეგიონი
უკრაინელებმა რუსების თავდასხმა 16 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან მოიგერიეს
რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრიანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერმა, გასული დღის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის 41 რაკეტა გამოიყენა. 16 რაკეტა ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. გარდა ამისა, ოკუპანტებმა განახორციელეს 24 საჰაერო დარტყმა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 50-ზე მეტჯერ გახსნეს. არიან დაჭრილები და დაღუპულები მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის 16 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.
| Print |