რეგიონი
უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები აამოქმედა.

სანქციები სამ სფეროში დაწესდა და პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები მის ოფოციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პირველი განკარგულება ეხება სანქციებს რუსული სპორტული ინდუსტრიის ოთხი წარმომადგენლის - სპორტსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის ელენა ისიმბაევას, მოცურავისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრ ალექსანდრე პოპოვის, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვიტალი სმირნოვის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შამილ ტარპიშჩევის წინააღმდეგ.

მეორე გადაწყვეტილება ეხება 109 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს. მათ შორისაა საქველმოქმედო ფონდი „გოლფსტრიმი“, ორგანიზაცია „რუსეთის წითელი ჯვარი“, ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „სახლი დედებისთვის“ და სხვა.

სანქციების მესამე სიაში შედის 164 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქმედებებში არიან ჩართული. სანქციების ქვეშ მოხვდნენ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ორი ქალიშვილი - პოლინა და ვერონიკა.
| Print |