რეგიონი
უკრაინამ კუპიანსკიდან ოჯახების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა
უკრაინამ კუპიანსკიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდებარე ტერიტორიიდან ოჯახებისა და დაუცველი მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა.

უკრაინის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება რუსული ძალების მიერ ქალაქის ხელახლა აღების საფრთხის ფონზე მიიღო.

„კუპიანსკში ბავშვებიანი ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო“, - აღნიშნულია ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, ევაკუაციის ბრძანება განპირობებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არასტაბილური სიტუაციით, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ ქალაქის და მისი შემოგარენის მუდმივი დაბომბვით.

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ევაკუირებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დახმარებით, მათ შორის საცხოვრებლით, საკვებით, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებით.

შეგახსენებთ, უკრაინამ კუპიანსკი ოკუპაციიდან გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.

| Print |