ერევანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს
10 ივნისის ღამეს მსვლელობის მონაწილეებმა, მოძრაობის ლიდერის, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს. მოხდა მცირე შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც გასასვლელებს კეტავდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი სამთავრობო აგარაკებზე მივიდა, სადაც მათ პოლიციის რაზმებიც დახვდნენ. დილიდან აქციის მონაწილეთა ორივე ჯგუფი პარლამენტის შენობის წინ გაერთიანდა და კარვები გაშალა.
მოძრაობა „თავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელმა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის თავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა, ბაგრატ გალსტანიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, ორშაბათს, 10 ივნისს დაიწყონ 96 საათიანი დაუმორჩილებლობის აქცია, რათა ხელისუფლება აიძულონ მათ ნებას დაემორჩილოს. მან ეროვნული ასამბლეის ფრაქციებს 11 ივნისს შეხვედრის ინიციირების მოთხოვნით მიმართა, რომლის დღის წესრიგშიც იქნება ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.
ნიკოლა ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები სომხეთში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ერევანი და ბაქო სომხეთის თავუშის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანმა სომხეთის მახლობლად მდებარე ოთხ სოფელზე კონტროლი დაიბრუნა. საქმე ეხება თავუშის რეგიონის სოფლებს, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკების გამო 1980-იანი წლებიდან არავინ ცხოვრობს. ისინი განლაგებულია ნეიტრალურ ზონაში ორი ქვეყნის ჯარების პოზიციებს შორის. აქციის მონაწილეების თქმით, ფაშინიანი და მისი მთავრობა, აზერბაიჯანის ზეწოლის ქვეშ და ახალი ომის შიშით, ცალმხრივ ტერიტორიულ დათმობებზე მიდიან.
ოპოზიციური მოძრაობის „ტავუში სამშობლოსათვის“ ლიდერმა, ბაგრატ გალსტანიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ 10 ივნისიდან დაიწყონ ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ. „ჩვენ დაუღალავად უნდა ვუკარნახოთ ხელისუფლებას ჩვენი ნება“, - განაცხადა სომეხმა სასულიერო პირმა.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ბაგრატ გალსტანიანმა სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ 11 ივნისს სესიის ჩატარების მოთხოვნით, რომლის დღის წესრიგში უნდა იყოს სომხეთის მთავრობის გადადგომა.