აბრეშუმის გზა
სტრატეგია ჯავახეთი
მიმდინარე გეოპოლიტიკურ ორომტრიალში ვიდრე საქართველო შეძლებს ახალი ლოჯისტიკური რუკის მაგიდაზე დადებას, მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის კარიბჭე ქვეყანამ მომდგარ ქარავნებს სწრაფად უპასუხოს.

ჩვენ დღეს არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არც პორტთან დამაკავშირებელი მძლავრი ინფრასტრუქტურა. რაც გაგვაჩნია აზია-ევროპის მაკავშირებელი ღერძი, ეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, რომელიც ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს. მოცემულ მაგისტრალს ახალქალაქის - როგორც რუსული და ევროპული ლიანდების ურთიერთ დამაკავშირებელი - სადგური ემსახურება. მთელი ყურადღებაც აქეთ უნდა გადავიტანოთ. კერძოდ, ეს სადგური უნდა ვაქციოთ ტვირთების მარკირების მძლავრ ლოჯისტიკურ ცენტრად. აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად შექმნილი საბაჟო კავშირიც აქ უნდა ფოკუსირდეს. ასე იყო ყაზახეთის, რუსეთის და ბელორუსის უნიფიცირებული საბაჟო კავშირი ორგანიზებული და ტვირთებიც ამიტომ მოძრაობდა ჩინეთსა და ევროპას შორის.

მოსაზრება, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა სტამბოლის პორტს გააძლიერებს, მცდარია. და თუ რატომ არის მცდარი, ამას ორი ფაქტით დავაზუსტებთ:

1. სადგური ახალქალაქი, ეს იგივე პორტია, ანუ სახმელეთო პორტი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტვირთმფლობელისთვის საზღვაო პორტში მიიღებს მომსახურებას თუ სახმელეთო პორტში თუ აეროპორტში. მთავარია ეს ლოჯისტიკური სერვისები დახვეწილი და გამართული დახვდეს მას და მის ქარავნებს. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მას სხვა გააკეთებს და გააკეთებს აუცილებლად;

2. რკინიგზები, ევროპისთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, როგორც ნეიტრალური კლიმატის სატრანსპორტო სახეობა. ეს გლობალური კლიმატის გამოწვევასთან მიგნებული ნაბიჯია. ასეა ჩინეთშიც და ასეა შეერთებულ შტატებშიც.

ხუთი წელია სატესტო რეჟიმში მუშაობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ამ პერიოდში დაახლოებით 2 მლნ ტონა ტვირთბრუნვა განხორციელდა. შემდეგი ხუთი წლის თავზე ორ მლნ ტონა ტვირთს მაგისტრალი ყოველ თვე გაატარებს. ეს გარდაუვალია.

ამ ნაბიჯით შეგვიძლია ვუპასუხოთ დღეს საერთაშორისო სატრანზიტო ბაზრების გამოწვევას უსწრაფესად და პარალელურად დავიწყოთ სამი მიმართულებით მომზადება - საფონდო და სასაქონლო ბირჟები, მაღალი სტანდარტის კერძო საკუთრება - უფასო ციფრული პრივატიზაციის გზით და ანაკლია.

თანამედროვე საქართველოს სტრატეგიის არქიტექტურა გადის ჯავახეთის ზეგანსა და კოლხეთის დაბლობზე. სხვა დანარჩენი კრემლის დავთრებია. დანარჩენიც ნების საკითხია.
| Print |